1. მთავარი
  2. ჩვენ შესახებ
  3. ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენი
 
ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენი გადის სამ ქვეყანაზე კასპიის ზღვიდან ხმელთაშუა ზღვის სანაპირომდე
PSG1

საქართველოს საქაჩი სადგური 1

ბაქო–თბილისი–ჯეიჰანის მილსადენი

1768 კმ. სიგრძის ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის (BTC) მილსადენი ახალი ათასწლეულის ერთ-ერთი ყველაზე დიდი საინჟინრო მიღწევაა.
 

მისი სიგრძე 443 კილომეტრია აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, 249 კილომეტრი საქართველოს ტერიტორიაზე და 1076 კილომეტრი თურქეთში ჯეიჰანის საზღვაო ტერმინალამდე.

 

მილსადენი მთელ სიგრძეზე მიწაშია ჩამარხული. უმაღლეს წერტილში, სადაც იგი კავკასიის მთებს კვეთს მილსადენი ზღვის დონიდან 2800 მეტრის სიმაღლეს აღწევს. მას დღეში ერთი მილიონი ბარელი ნავთობის გატარება შეუძლია და აზერი-შირაგი-გუნაშლის საბადოს სრული განვითარების საექსპორტო მოთხოვნებს პასუხობს.

 

BTC არის ერთ-ერთი ყველაზე გრძელი მილსადენი მსოფლიოში. მისი მშენებლობა საქართველოში 2005 წელს დასრულდა.

 

BTC მილსადენი სრულ ექსპლუატაციაში 2006 წელს იქნა გაშვებული. მილსადენში გატარებული ნავთობის ნაკადი სტაბილურად იზრდებოდა და გასულ წელს იგი დღეში დაახლოებით 800 000 ბარელ ნავთობს აწვდიდა მსოფლიო ბაზრებს. აღდგენითი და ლანშაფტური სამუშაოები მილსადენის მარშრუტის გასწვრივ მაღალი სტანდარტების შესაბამისად შესრულდა.

 

2006 წელს ასევე დაიწყო დამატებითი ობიექტების მშენებლობა კოდიანას მთიან მონკვეთზე მილსადენის ეკოლოგიური და ტექნიკური უსაფრთხოებისათვის. უსაფრთხოების ბაზის მშენებლობის დასრულების შემდეგ, იგი მუდმივი ობიექტის ფუნქციას ასრულებს, სადაც საცხოვრებელი ოთახები, ოფისები, ტექნილური უზრუნველყოფის ობიექტები, ენერგოწარმოების, კანალიზაციისა და სასმელი წყლის სისტემები მოეწყო და ექსპლუატაციიათვის საქართველოს სამთავრობო სტრუქტურას - სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტს გადაეცა (SPPD).

 

დასრულდა აგრეთვე ნავთობის ავარიული ჩამოსაცლელის (EDDF) მშენებლობა. ეს ობიექტი 8 500 კუბური მეტრის მოცულობის რეზერვუარია, რომელიც მოთავსდა კიდევ ერთ ბეტონის მიწისქვეშა რეზერვუარში, სადაც ავარიის შემთხვევაში, კოდიანას მონაკვეთის ნებისმიერი ადგილიდან BTC მილსადენიდან დაღვრილი ნავთობი ჩაიცლება და შეინახება.

 

2006 წელს შეიქმნა მეორადი შემაკავებელი ობიექტების სისტემის პროექტები მილსადენის დაზიანების ნაკლებად სავარაუდო შემთხვევაში ნავთობის უსაფრთხოდ შესაკავებლად.

 

თითოეული მეორადი შემაკავებელი ობიექტი მდინარის კალაპოტის ირგვლივ აშენებული დამბითა და შლუზებით აღჭურვილი სალექარი საგუბრებისაგან შედგება. ავარიის შემთხვევაში შლუზები დაიკეტება და შეაჩერებს ნავთობს იქამდე, სანამ ნავთობის დაღვრაზე რეაგირების ჯგუფი ნავთობის უსაფრთხოდ ლოკალიზაციას არ მოახდენს.

 

BTC მილსადენის დამხმარე საშუალებები მოიცავს რვა ნავთობსაქაჩ სადგურს (ორი აზერბაიჯანში, ორი საქართველოში, ოთხი თურქეთში); თურქეთის ხმელთაშუა ზღვის ნაპირზე მდებარე ჯეიჰანის საზღვაო ტერმინალს; ორ შუალედურ დგუშის გამტარ სადგურს; ერთ წნევის მარეგულირებელ სადგურს და 101 მცირე ჩამკეტი სარქველის სადგურს.

 

მილსადენის მშენებლობა განახორციელა პროექტის გაერთიანებულმა ჯგუფმა, რომლის ხელმძღვანელობით ნავთობსადენის პარალელურად სამხრეთ კავკასიური მილსადენიც აშენდა. მილსადენების სამშენებლო საქმიანობის ყველაზე ინტენსიურ ეტაპზე პროექტებში დაახლოებით 22 000 ადამიანი დასაქმდა, აქედან 6 000 საქართველოში. თურქეთში BTC მილსადენი BTC Co.-სახელით და ერთჯერადი ანაზრაურების ხელშეკრულების საფუძველზე კომპანია BOTAS-მა ააშენა.

 

BTC-ის მშენებლობაზე გაწეული ხარჯების 70%-ს მესამე მხარეები აფინანსებენ. BTC-თან დაკავშირებულ სესხებს, საექსპორტო კრედიტებს და რისკის დაზღვევას უზრუნველყოფს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) და მსოფლიო ბანკის კერძო ქვეგანაყოფი საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია (IFC), შვიდი ქვეყნის საექსპორტო საკრედიტო ორგანიზაციები და 15 კომერციული ბანკის სინდიკატი.

 

დაფინანსების ხელშეკრულებები საბოლოო სახით 2004 წლის თებერვალში პროექტის ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების ორწლიანი კვლევისა და მონიტორინგის და საჯარო კონსულტაციების საფუძველზე ჩამოყალიბდა. კრედიტორების მონაწილეობა აუმჯობესებს პროექტის გამჭირვალობას, საშუალებას აძლევს მათ ჩაერიონ პროექტების განხორციელების პროცესში და დახმარება გაგვიწიონ პროექტების განხორციელების პოტენციალის განვითარების საქმეში.

 

ჩაკეტილი კასპიის ზღვისა და ხმელთაშუა ზღვის დამაკავშირებელი პირველი BTC პროექტის მშენებლობა ეკონომიურად დადებითად იმოქმედებს რეგიონზე და გვერდს აუვლის თურქეთის სრუტეებში არსებულ ტრანსპორტის ინტენსიურ მოძრაობას.

ახალი პროექტების დაწყებამდე ჩვენ, როგორც წესი, ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედებების შეფასებებს (ESIA) ვახორციელებთ.

 

აზერბაიჯანში, საქართველოში და თურქეთში მილსადენისა და მასთან დაკავშირებული დამხმარე საშუალებების ESIA ცალ-ცალკე განხორციელდა. აღნიშნული სამი ESIA დამოუკიდებელი უცხოელი მრჩევლების ჯგუფის ხელმძღვანელობითა და სამი ქვეყნის მრჩევლების მნიშვნელოვანი დახმარებით ჩატარდა.

 

ESIA-ს მიზნად ისახავდა პროექტის "კვალის" (გასხვისების ზოლი, დროებითი ობიექტები და მისასვლელი გზები) მინიმუმამდე შემცირებას, ანუ ზიანი არ მიგვეყენებინა დაცული ეკოლოგიური ტერიტორიებისა და არქეოლოგიური ობიექტებისათვის, თავიდან აგვეცილებინა მოსახლეობის განსახლების აუცილებლობა და, შესაბამისად, არ მოგვეხდინა ხანგრძლივი უარყოფითი ზემოქმედება ადგილობრივი მოსახლეობის ყოფა-ცხოვრებაზე.

 

მილსადენის მარშრუტის ზედმიწევნითი შერჩევის შედეგად არ დამდგარა არც ერთი მაცხოვრებლის საკუთარი კარმიდამოდან გადასვლის საჭიროება.

საზოგადოებრივი და გარემოსდაცვითი ინვესტირების შესახებ ინფორმაციის მისაღებად გაეცანით თავს "გარემოს დაცვისა და სოციალური საკითხები".

BTC Co-მ ყოველმხრივ სანიმუშო პროექტის განხორციელების ვალდებულება აიღო. აღნიშნული მიზნის მისაღწევად, შიდა საუწყებო კონტროლთან და შემოწმებებთან ერთად გარე მონიტორინგი და კონსულტაციები ხორციელდება. გარე მონიტორინგს ატარებენ ისეთი ორგანიზაციები როგორიცაა, მაგალითად, კასპიის ზღვის განვითარების საკონსულტაციო საბჭო, კრედიტორების დამოუკიდებელი კონსულტანტები გარემოს დაცვისა და სოციალურ საკითხებში, სოციალური და განსახლების სამოქმედო გეგმის შემსწავლელი ჯგუფი, ადგილობრივი საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციები.

 

აღნიშნული ჯგუფებისა და სხვა ორგანიზაციების მიერ გაკეთებული დასკვნები ვებ-გვერდის პუბლიკაციების თავშია წარმოდგენილი.

BP-ს აქვს პასუხისმგებლობა სხვადასხვა პროექტების პარტნიორობის სახელით მართოს და განახორციელოს განვითარებისა და საწარმოო საქმიანობა.

BTC მილსადენის მშენებლობაში 11 ადგილობრივი და საერთაშორისო ნავთობკომპანია მონაწილეობს და ამ მიზნით 2002 წლის აგვისტოში დამოუკიდებელი სააქციო კომპანიის სახით ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენის კომპანია ჩამოყალიბდა.